English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ასლანიშვილი ქრისტინე ომაძე
საერთაშორისო დისკუსიები საბანკო კრედიტსა და ეკონომიკურ ზრდის ურთიერთკავშირის შესახებ

შესავალი

დღეისათვის ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ განიხილება საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის და საკრედიტო ბაზრების გამართული ფუნქციონირების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. აღნიშნული საკითხი აქტუალურია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის შემდგომი აღმავლობისათვის, რადგან ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი საკრედიტო ბაზრის ფაქტორების გამოვლენა, შესწავლა და ზემოქმედების მექანიზმის გაანალიზება.

* * *

ამ თვალსაზრისით საინტერესოა უცხოელ მეცნიერთა მიერ აღნიშნული პრობლემის შესწავლის დონის გაანალიზება. წარმოდგენილი პრობლემის შესწავლას ეხება ნიგერიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მკვლევარის ორჯი ენტონის ჩატარებული გამოკვლევა, თუ როგორ გავლენას ახდენს ნიგერიის ეკონომიკურ ზრდაზე 1970-2006 წლებში საბანკო დანაზოგები და საბანკო კრედიტები. კვლევის შედეგად მიღებულ იქნა ეკონომიკურ ზრდაზე ზემოქმედების ორი მოდელი. პირველი სპეციფიკაციის მოდელში ARDL-ECM რეგრესიისთვის წარმოდგენილია ისეთი სპეციფიკაციის ცვლადები, როგორიცაა: ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PCY), საბანკო შიდა დანაზოგების თანაფარდობა მშპ-ის მიმართ საბაზრო ფასებით, მეორე მიზნის მისარწევად შემუშავებულ იქნა მეორე სპეციფიკური მოდელი, რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ ზრდაზე ნიგერიაში კერძოდ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს საბანკო შიდა დანაზოგები, საბანკო კრედიტები და რეგრესიის სხვა ცვლადი მაჩვენებლები მშპ-თან მიმართებაში (Orji Antbouny, Bank Savivings and Bank Credits in Nigeria: International of Economics and Financial 2012: 357-372. www. Econjournals.com).

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნიგერიის მთავრობას მიეცა რეკომენდაციები, საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების გადიდების, უმუშევრობის დონის შემცირებისა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშემწყობი საბანკო კრედიტების და დანაზოგების ეფექტურად გამოყენებისთვის.

საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მეტად აქტუალურია ელ-რიადში, საუდის არაბეთის ისლამური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ განხორიცელებული კვლევა კატარში ფინანსური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხარისხის ამაღლებისთვის. კვლევაში ემპირიულად შესწავლილი და დასაბუთებულია კატარში ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის გრძელვადიანი მიზეზშედეგობრივი კავშირი 1990-2012 წლებში. ქვეყნის ფინანსური განვითარება გაზომილია სამი ალტერნატიული მაჩვენებლით: ფართო ფულის (M2) დამოკიდებულებით მშპ-ის მიმართ, კერძო სექტორის საბანკო დაკრედიტების თანაფარდობით მშპ-თან და საბანკო სექტორის მიერ წარმოდგენილი შიდა კრედიტის თანაფარდობით მშპ-ის მიმართ. ეკონომიკური ზრდი საზომად მიჩნეულია რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი. კვლევით მიღებულმა შედეგებმა დაგვანახვა, რომ სამივე ფინანსურ ინდიკატორსა და მშპ-ის რეალური ზრდის ტემპს შორის არსებობს გრძელვადიანი დადებითი წონასწორობრივი კავშირი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფართო ფულის მასას (M2) და მშპ-ს შორის და ასევე მშპ-ის ზრდის ტემპს შორის არსებობს ორმხრივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხოლო ცალმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს საბანკო სექტორის შიდა კრედიტების. მშპ-თან მიმართებაში და მშპ-ის ზრდის ტემპს შორის მოკლევადიან პერიოდში. ჩატარებული დაკვირვების შედეგებმა გვიჩვენა ცალმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი მშპ-ის ზრდის ტემპსა და საბანკო სექტორის მიერ წარმოდგენილ შიდა კრედიტებს შორის (Waieed likhuzaim.  Degree of Financial Development and Economics Growth un Qatar: 2014:  357-372. www. Econjournals.com).

საბანკო კრედიტსა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებულ ურთიერთობებს ეხება მაკაოში ხო ნგან ვანის შრომა, რომელშიც ავტორი აღიარებს, რომ ფინანსური განვითარება და სტრუქტურა მჭიდრო კავშირშია  ეკონომიკურ ზრდასთან. თავის მხრივ, ქვეყნის ფინანსური განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს ინვესტიციების მოზიდვის დონეზე, მაგრამ შედარებით დაბალ კორელაციურ კავშირშია  წარმოების ზრდასთან. ემპირიულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მთელი რიგი ფინანსური მაჩვენებლები მტკიცე და პოზიტიურ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან. მაკაიში დიდი ყურადღება ექცევა საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობას და მას განიხილავენ წარმოების განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ  ფაქტორად. (Ho Ngai Wa. Bank Credit and Economic Growth in Macao. Monetary Authority of Macao, 2005).

მეტად საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო  ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა: მაკროფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა საკრედიტო ბუმს და დაქვეითებასთან მუშაობის კუთხით. „საკრედიტო ბუმის“  ეპიზოდები, რომელიც მოიცავს დაკრედიტების სწრაფ ზრდას,  ქვეყნისათვის პოლიტიკურ დილემას წარმოადგენს. ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაფართოება, ინვესტიციების მოზიდვის ფართო მხარდაჭერა და ეკონომიკური ზრდა (Ho Ngai Wa. Bank Credit and Economic Growth in Macao. 2005) ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როდესაც გაფართოება ღებულობს მკვეთრად დაჩქარებულ ხასიათს მან შესაძლებელია მიიღოს შეტევითი ხასიათი სუსტი დაკრედიტების სტანდარტების პირობებში, შესაძლებელია მივიღოთ საკრედიტო სახსრების უსაზღვრო გამოყენება და ფასების საშიში ბუმი აქტივებზე. ჩვეულებრივ, „საკრედიტო ბუმები“ დაკავშირებულია ფინანსურ კრიზისთან (Waieed likhuzaim. 2014: 357-372. www. Econjournals.com), „საკრედიტო ბუმები“ საუკეთესო სიტუაციაშიც საშიშია, ხოლო უარეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს კატასტროფა (გიურინშასი, ვალდესი და ლანდერმეტშე, 2001, ბორიო და ლოუ, 2002, ენოქსი და ქუტკეტ-როდე, 2007). ამ საშიშროებებზე უახლოეს მსოფლიო კრიზისამდე ყურადღებას არ ამახვილებდნენ.

საკრედიტო ბუმების პრობლემატიკაზე საინტერესოა ინდოეთის და პოლონეთის ცენტრალური ბანკების მიდგომები, საკრედიტო ბუმის პირობებში ძალზე ძნელია ჯანსაღი და არაჯანსაღი საკრედიტო ნაკადების ერთმანეთისგან გარჩევა, ამიტომ პოლიტიკა მიმართული უნდა იქნეს  შედეგების შეკავებისკენ. ამ მიზნით აუცილებელია განვლილი პერიოდის შედეგებზე მონიტორინგის და კონტროლის ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენება. უკვე დამუშავებულია ნორმატიული ბაზაც, მაგალითად ბაზელ III-მმა მოქმედებაში შემოიღო კაპიტალის ბუფერების მთელი რიგი, რომლის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს კრედიტების ზღვარგადასული ზრდა (საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი, 2010) (Giovanni Dell Aniccia, Deniz Ig, Lus Laeven, and Hui  Tong,   2012).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ დოკუმენტში განხილულია საკითხი, თუ როგორ და რა დოზით უნდა განვახორციელოთ ჩარევის პოლიტიკა საკრედიტო ბუმის თუ საკრედიტო დაქვეითების პერიოდში.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია ის გეოგრაფიული რაიონები, მათი მდგომარეობა და პრობლემები, სადაც უფრო მოსალოდნელია ბუმის ეფექტი. ავტორები ასეთ ქვეყნებად მიიჩნევენ აფრიკის სამხრეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ასევე ევროკავშირში – გაფართოების პროცესში შესულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

ეკონომიკური ზრდის კუთხით ძალზე საინტერესოა სისტემური საბანკო კრიზისის დადგომის გამაფრთხილებელი ინდიკატორის დამუშავება. ამ მიზნით დღეისათვის აქტუალურია მატიას დრემანის სტატია, რომელიც ეძღვნება საბანკო კრიზისის წინა პერიოდის გამოვლენის ინდიკატორების დამუშავებას. ავტორი სტატიაში  ამახვილებს ყურადღებას საბანკო კრიზისის ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: კერძო სექტორის საკრედიტო ბუმი, არასაკრედიტო დაკრედიტება, კრედიტების თანაფარდობა მშპ-თან მიმართებაში და სხვა. ავტორი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს BIS-ის მონაცემთა ახალ ბაზარზე, რომელიც ცხადყოფს, რომ ბანკებს შეუძლიათ მოიცვან კერძო არასაფინანსო სექტორის დაკრედიტების 30%. ავტორის ანალიზი მთლიანობაში ეყრდნობა BIS-სის ახალი ბაზის მონაცემებს, ბანკების და კერძო არასაფინანსო სექტორის დაკრედიტებას.

ავტორი სამოქმედო დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებს ორ მიზეზზე, რომლის დროსაც:

1. ბანკები შესაძლებელია დაზარალდნენ ჭარბი კრედიტების გაცემით;

2. კერძო საფინანსო სექტორის დაფინანსებით, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები.

მატიას დრემანი ყურადღებას ამახვილებს ცაკეული სახის კრედიტების მშპ-თან თანაფარდობის შეფასებაზე, რომელიც შესაძლებელია მოგვევლინოს საბანკო კრიზისის დაწყების ერთ-ერთ ინდიკატორად. ამ თანაფარდობის პროცენტულმა მაჩვენებელმა შესაძლებელია მიგვანიშნოს ქვეყანაში საბანკო კრიზისის დაწყება.

საკრედიტო ბაზრის ფორმირების და განვითარების საკითხებს ეძღვნება ხორვატიის ეროვნული ბანკის კვლევა, რომელიც მოიცავს ხორვატიაში კრედიტებზე მოთხოვნის შეფასების საპროექტო ვერსიას. პროექტის ავტორებია: კატია გაუტინ-ტურკაჩი, იგორ ლუბაჩი, ანა მარტინი, მარკო მრკაჩი (Katja Gattin-Turkalj, Igor Ljubaj, Ana Martinis, Marko Mrkalj.   2007).

კვლევა ეხება ფულად აგრეგატებს და კრედიტებზე მოთხოვნას, რომლებიც, ტრადიციულად,  ფულად-საკრედიტო პოლიტიკისშუალედურ მიზანს წარმოადგენენ, რომლის საშუალებითაც ცენტრალური ბანკები ფასების სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ ქვეყანაში.  უკანასკნელ პერიოდში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქტუალური გახდა „საკრდიტო ბუმის“ დადგომისა და მისი პროგნოზირების საკითხები. აღნიშნულის გათვალისწინებით, კრედიტზე მოთხოვნის სწორი პროგნოზირება ხელს უწყობს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის მიღწევას და ეკონომიკური ზრდის აღმავლობას, რომელიც დღეისათვის ასევე აქტუალურია ხორვატიისთვის.

ნაშრომში ავტორების მიერ სტანდარტულ კრედიტზე მოთხოვნის დე- ტერმინანტების საშუალებით, უმცირესი კვადრატების მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია ხორვატიაში  კრედიტების საერთო მოცულობაზე მოთხოვნა.

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ კრედიტების ქცევა შესაძლებელია ავხსნათ რეალური მშპ-ის და კრედიტების რეალური საპროცენტო განაკვეთების საშუალებით. მშპ წარმოადგენს მნიშვნელოვან ძალას, რომელიც დგას კრედიტებზე მოთხოვნის ფორმირების უკან. იყო  საბაზო სპეციფიკაციის საიმედოობის შემოწმების მცდელობა სხვა ცვლადების გამოყენებით. ამ ცვლადებს წარმოადგენდა: ინფლაცია, ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარზე, ხოლო ცვლადების პერიოდი მოიცავდა 90-იანი წლების ბოლოსა და 2006 წლამდე პერიოდს.

კვლევაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის მოთხოვნის შესწავლას კრედიტებზე, რადგან, როგორც ეკონომიკური ლიტერატურის განხილვამ გვიჩვენა, კრედიტებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფასები უძრავ ქონებაზე. ხოლო, როგორც კვლევა ადასტურებს, კრედიტების საპროცენტო განაკვეთების ზრდა უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნაზე.

ასევე, კვლევით დადასტურდა მაღალი კორელაცია კრედიტებსა და მშპ-ს შორის, რომლის გამოყენების იდენტიფიკაცია წარმატებითაა შესაძლებელი გრძელვადიან პერიოდში.

მაკროეკონომისტებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს, რომ მათი საქმიანობა აკრძალულ ზღვარს იქით არასაიმედოა რეალური დროის რეჟიმის პირობებში და მან შესაძლებელია  სერიოზული სირთულეები შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკას.

სტატიაში კრედიტების მშპ-თან თანაფართობის უკმარისობის ნომინალური კოეფიციენტების გამოყენება ათვლის წერტილად ითვლება კაპიტალის დაგროვების ანტიციკლური ბუფერისთვის. პრაქტიკულად გამოთვლილია კრედიტებისა და მშპ-ს შორის თანაფართობის შეფასებები რეალური დროის პირობებში, კაპიტალის ანტიციკლური ბუფერის დადგომის დროს.

ფინანსური სისტემის განვითარების დეტერმინანტები და კერძო სექტორის  ლიკვიდაციების საკითხებია განხილული ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნვიერსიტეტის ერჟენ საიუტის სამაგისტრო ნაშრომში (ERZEN SOGUT, THE DETERMINAANTS OF FINANSIAL DEVELOPMENT AND PRIVATE SECTOR CREDITS: 2008). კვლევის პერიოდი მოიცავს 1980-2006 წლებს. ნაშრომში გაკეთებულია დასკვნები, რომ სახელმწიფო სექტორში კრედიტების მოცულობის გადიდებას და სახელმწიფო ვალის ზრდას მივყავართ კრედიტების მოცულობის შემცირებასთან კერძო სექტორში დაბალი  შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კერძო სექტორის დაკრედიტება იზრდება სახელმწიფო სექტორის კრედიტებით და მცირდება ცენტრალური ხელისუფლების ვალის ზრდის პარალელურად. ფინანსურ განვთიარებაზე უარყოფითად მოქმედებს ინფლაცია, ხოლო დადებითად  – რეალური მშპ-ის ზრდა.

საკრედიტო ბაზრის ფუნქციონირების და ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების საკითხები დღეისათვის ასევე აქტუალურია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც, რომელზეც ნათლად მიუთითიებს ნ.ლ. მირონკიშის და მ.ვ. დემიდენკოს სტატია „ეკონომიკის დაკრედიტება: ახალი პასუხები სტანდარტულ შეკითხვებზე“ (Mironchik N. L., Demidenko, M. V. 2012). სტატიაში განხილულია ბელარუსის რესპუბლიკის საბანკო სისტემის დინამიკის ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე; წარმოდგენილია ქვეყნებს შორის შედარებები და მისი მოდელირების ეკონომეტრიკული მეთოდები, რომელზე დაყრდნობითაც სტატიის ავტორების მიერ გაკეთებულია დასკვნები, რომელიც ეხება რეალური დაკრედიტების ოპტიმალური ტემპის ზრდას; ბელარუსში კრედიტზე მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებს შორის ხარვეზის აღმოფხვრას; ქვეყანაში საკრედიტო პროცესის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას მაკრო დონეზე.

ამ კვლევის  თანახმად, კრედიტის დინამიკის მოდელირებამ ბელარუსში 2002-2011 წლებში გამოავლინა, რომ ბანკების რესურსული ბაზების, მშპ-ის საპროცენტო განაკვეთის და ვალუტის საცვლელ კურსთან ერთად, აქტიურ ზემოქმედებას ახდენსისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ეკონომიკური აგენტების მოლოდინი დაკრედიტების ცვლილებებზე და ფასების ცვლილება უძრავ ქონებაზე.

ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს საბანკო სექტორის გამართული საქმიანობა, ამ კუთხით მეტად საინტერესოა ტამაშ ბალასის სტატია: „საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების შედარებითი აღწერა“. წარმოადგენილ სტატიაში ავტორი ასაბუთებს ბოლო პერიოდში ფინანსური კრიზისების პროცესში საბანკო პორტფელის ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის მნიშვნელობის ზრდას. მის მიერ შემოთავაზებული PD (მიდეფოლის ალბათობის) მოდელის შეფასებისთვის წარმოდგენილია სხვა ex-post პორტფელის ხარისხის მაჩვენებლები, რომელთაგან ბევრ მათგანს გააჩნია შეზღუდული ზეგავლენა სესხების დანაკარგებზე. პრობლემის და ფაქტორთა არასწორ განსაზღვრას, რომლებიც გავლენას ახდენს საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ხშირად მივყავართ არასწორ დასკვნამდე საერთაშორისო შედარებებისას. მაგალითად, უნგრეთის პრაქტიკაში საშუალოდ კრედიტით დავალიანების ღირებულება ითვლება მნიშვნელოვან მაჩვენებლად, რადგან მას აქვს მყარი კავშირი სესხის დანაკარგებთან. შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმის მაჩვენებელს, რომელსაც ჩვენ ვაფასებდით პროგნოზებში მოდელის დახმარებით (Tamas Balas,  2009).

განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის აფრიკაშიც, მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების არსებობა ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ამ კუთხით საინტერესოა კენიის პოლიტიკური კვლევებისა და საზოგადოებრივ საქმეთა ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა, აფრიკაში ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირის შესახებ.  წარმოდგენილი კვლევა მოიცავს 50 აფრიკული ქვეყნის მონაცემებს, და მოიცავს 1980-2008 წლების პერიოდს. კვლევაში (Rodgers A. Musamali, Esman M. Nyamongo, Eliud D. Moyi 2010:  189) გამოიყენება ფინანსური განვითარების ორი მიმართულება: კერძო სექტორის კრედიტების თანაფართობა მშპ-ის მოცულობასთან და მეორე ფულადი მასის (M2) თანაფარდობა მშპ-ის მოცულობასთან.

კვლევის შედეგად დადგინდა დადებითი კორელაციური ურთიერთკავშირები ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. თუმცა, გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირი არსებობს ფულის მიწოდებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფინანსური და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია აფრიკაში სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული. კვლევის პროცესში გამოყენებულ ეკონომიკურ რეგრესიათა მოდელიდან გამოიკვეთა ორმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. მთლიანობაში, აფრიკაში მკვეთრი პოზიციური დამოკიდებულება არსებობს კერძო სექტორის დაკრედიტებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ასევე შედარებით სუსტი პოზიტიური კავშირი გამოვლინდა ფულის მასასა (M2) და ეკონომიკურ ზრდას შორის, რომელიც უშუალოდ დამოკიდებულია ინფლაციურ ტენდენციებზე ქვეყნებში. ამასთან ერთად სუსტი კავშირურთიერთობის ინდიკატორი შეიძლება იყოს ქვეყნის ფინანსური სექტორის სუსტი განვითარება. ამიტომ, აფრიკის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გაატარონ ადგილებზე კერძო სექტორის დაკრედიტების გადიდებისთვის. ამასთან, აფრიკის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება, ამ მიზნით თავიდან უნდა იქნეს აცილებული კონფლიქტები და ომები ქვეყნებს შორის და მათ შიგნით, რათა მიმზიდველი გარემო შექმნან უცხოელი ინვესტორებისათვის. რაც შეეხება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მათ ხელი უნდა შეუწყონ აფრიკის ქვეყნებში საფინანსო დაწესებულებების შექმნას, ადგილებზე კერძო სექტორის დაფინანსების გასაუმჯობესებლად, ხოლო იქ არსებულმა ეროვნულმა ბანკებმა სტიმული მისცენ ეკონომკურ ზრდას სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების ხარჯზე, მაგრამ, ამავე დროს, აქტიური ბრძოლა უნდა გამოუცხადონ ინფლაციას და ქვეყნებში მის უარყოფით შედეგებს.

განვითარებულ ქვეყნებში საბანკო სექტორის განვითარება სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს ეკონომკურ ზრდასა და მიმდინარე ინფლაციურ პროცესებზე. სწორედ აღნიშნული საკითხია განხილული სუნა კოკმაზის სტატიაში – „საბანკო კრედიტების გავლენა ეკონომკურ ზრდასა და ინფლაციაზე“. წარმოდგენილი საკითხი შესწალილ იქნა ევროპის 10 ქვეყანაში, 2006-2012 წლების პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ნათელი გახდა  –10 ქვეყანაში სამამულო კრედიტები, შექნილი ევროპის 10 ქვეყნის საბანკო სექტორის მიერ – არ ახდენს გავლენას ინფლაციაზე, მაგრამ გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ ზრდაზე. ბანკები ქვეყნის ეკონომიკაში ყალიბდებიან ძირითადად ფინანსური სერვისის მიმწოდებელ შუამავლებად (Suna Korkmaz, Impact of Bank Credits on Economic and  Inflation. 2015: 57-69).

ეკონომიკური თვალსაზრისით ბანკების ძირითადი ფუნქციაა დაკრედიტების ფონდის ზრდა, რათა გაიზარდოს ინვესტიციები ეკონომიკაში. ამდენად ქვეყნის განვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით დამოკიდებულია ინვესტიციების გადიდებაზე. ბანკებს შესწევთ უნარი, მიგვიყვანონ ეკონომიკურ უძრაობამდე და ასევე მათ შეწევთ უნარი, რესურსების ეფექტური განაწილებით დააჩქარონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ეკონომიკისათვის კიდევ ერთ რისკს წარმოადგენს ინფლაციაზე კონტროლის არარსებობა. თუ ქვეყანაში ინფლაცია არ იმყოფება კონტროლის ქვეშ, ეფექტური ეკონომიკური სტრუქტურა ვერ ჩამოყალიბდება, ხოლო საბანკო სექტორის განვითარება იქნება ყოველთვის დამუხრუჭებული და საბანკო კრედიტები ვერ უზრუნველყოფს ინვესტირების გადიდებას. ამიტომ, ქვეყანაში გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ინფლაცია ყოველთვის უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. სტატიის ანალიზიდან შესაძლებელია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად განაპიროებს მის ეკონომიკურ სიძლიერეს. ამასთან, სამამულო კრედიტები და საბანკო სექტორი ზეგავლენას ვერ ახდენს ინფლაციაზე, მაგრამ არსებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.

აღნიშნული საკითხის კვლევაში ფართოდ არიან ჩართული ქართველი ეკონომიკური სკოლის მეცნიერ-ეკონომისტები, რომელთა ნაშრომებში საკრედიტო ბაზრის ფორმირების  ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

 1. ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური ბაზრის ანალიზი  ქართველი ეკონომისტების ძირითადი ყურადღების ობიექტია. ვლადიმერ პაპავა თავის ნაშრომებში  განიხილავს ეგრეთ წოდებული „მკვეთრი ზრდის ეფექტის გავლენას“ (ვლადიმერ პაპავა, 2014). ზოგიერთი ავტორის მიერ შეფასებულია საქართველოს საბანკო სისტემისთვის საკრედიტო რისკების დინამიკური მოდელი და გაანალიზებულია ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენა საკრედიტო რისკზე. აქვე განხილულია მაკროეკონომიკური ფაქტორების (მშპ-ს რეალური ზრდა, გაცვლითი კურსის გაუფასურება)  გავლენა უმოქმედო სესხებზე ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით (ზვიად ზვიადაძე,    2013). ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ მკვეთრი ზრდის ეფექტის პროპორციული გადაფარვის ჰიპოთეზის საფუძველზე აგებულ კორექტირებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში დაცულია ინვარიანტულობის პრინციპი, რომლის თანახმად ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებლების შეფარდება არ არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დონის ბაზური მაჩვენებლების შერჩევაზე. ამ პრინციპის შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ მკვეთრი ზრდის ეფექტის ელიმინირების მოცემული მეთოდი  არ არის წინააღმდეგობრივი, ადვილად შეიძლება იქნეს გამოყენებული პრაქტიკული მიზნისთვის, რასაც ადასტურებს პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის ანალიზი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე.   სხვები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის საჭირო ქმედებების თეორიულ არგუმენტებზე და გამოვლენილი მიდგომების საქართველოში გამოყენების მოზანშეწონილობაზე (ოთარ ნადარაია, ოთარ  გორგოძე,  2013 ).

ასევე ახასიათებენ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს და მათი ზეგავლენით გამოწვეულ მოსალოდნელ ცვლილებებს (ნოდარ ხადური, 2010), ეკონომიკური განვითარების ტრანსფორმაციის ეტაპებს,   თავისებურებებს და მეთოდებს, რომელიც საფუძვლად უდევს ტრანსფორმაციას (მიხეილ ძაგანია, 2012), ინკლუზიური  ეკონომიკური ზრდის ობიექტურ აუცილებლობას (უშანგი სამადაშვილი, 2014:13-22) და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ მრავალი ნაშრომია დაწერილი, ქართველი ეკონომისტების კვლევის ობიექტი – საკრედიტო ბაზრის ცვლილებების ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე – შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ემპირიული მსჯელობით და აქცენტი გადატანილია მხოლოდ იმაზე, ეკონომიკის ზრდის ცვლილებები რამდენად არის გამოწვეული საბაზრო ფინანსური რისკებითა და გლობალური კრიზისებით.

2. დიდი ყურადღება ეთმობა საკრედიტო ბაზრის ანალიზს ფინანსური კრიზისების პერიოდში. ი. კოვზანაძე განიხილავს მსოფლიო ფინანსური კრიზისების თავისებურებებს, მისი დარეგულირების არსებულ მოდელებს და მათი გამოყენების თავისებურებებს. აქვე ავტორი გვთავაზობს კრიზისების დარეგულირების ახალ მოდელს  და  დანერგვის სპეციფიკას (И. Ковзанадзе - 2010) ი. კოვზანაძე და ი. მესხია (იაკობ მესხია, 2009,10-28)  მიმოიხილავენ 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის ქრონოლოგიების მიმდინარეობის ეტაპებს და შედეგებს. აქვე ნაჩვენებია, თუ რა გავლენა მოახდინა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკაზე. ამასთანავე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საბანკო სისტემაზე გლობალური კრიზისის პირობებში და განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო რეგულირების ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს გლობალიზაციის პოზიტიური მხარეები (რ. ასათიანი,  2009, 10-14). ირაკლი გეგეშიძე განიხილავს გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს. ავტორი დადებით შეფასებას აძლევს დაკრედიტების ლიბერალურ პოლიტიკას   და აღიარებს, რომ სწორედ ამ პოლიტიკას უკავშირდება ბიზნესის წახალისება და გამოცოცხლება. (ირაკლი გეგეშიძე 2012,  6-10).პროფესორი თემურ ხომერიკი შეისწავლის საკრედიტო ბაზრის განვითარების თავისებურებებს არამდგრად გარემოში და ახასიათებს არამდგრად გარემოში საკრედიტო ურთიერთობების გამოვლენის და კომერციული ბანკების ქცევის ძირითად მიმართულებებს (თემურ ხომერიკი,  2010, 8-12)  კერძოდ, იპოთეკური ბაზრების კრიზისის ფონზე  ჩქარდება ბანკების შერწყმა-გაერთიანების პროცესი;  საბანკო მომსახურების სრულყოფა სულ უფრო მეტად უკავშირდება თანამედროვე ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას;  საბანკო ბიზნესში ტრადიციული საბანკო ოპერაციები ადგილს უთმობს ინოვაციურ პროდუქტებს; ინვესტიციური ბანკინგის, დაზღვევა-უსაფრთხოების და სხვა საფინანსო-საბანკო ბიზნესის განვითარებით ვითარდება საინვესტიციო-საბანკო ბიზნესი.

საკრედიტო ბაზრის მდგომარეობის ანალიზი და ფინანსური კრიზისის თავისებურებანი მოცემულია ჩვენს ნაშრომეში, კერძოდ განვიხილავთ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენას ეკონომიკური აქტივობის დაქვეითებაზე და მის ფონზე ქართული კომრციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მომხდარ ცვლილებებს (ქრისტინე ომაძე, 2014,102-107; ქრისტინე ომაძე, 1991-2008, 2013, 86-97).

მთლიანობაში ეს ასპექტი გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ეკონომისტების კვლევის ობიექტია საფინანსო კრიზისების წარმოშობის მიზეზები და შედეგები, რომლებიც აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მათი ეფექტები საკრედიტო ბაზრის განვითარებაზე შემოიფარგლება მხოლოდ  საბანკო სისტემის მდგომარეობის ანალიზით.

3. ქართული  ეკონომიკური   აზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საბანკო სისტემის ფორმირების და განვითარების ტენდენციების გამოვლენა.     ამ კუთხით,   ი. კოვზანაძე თავის ნაშრომში განიხილავს ეკონომიკის განვითარებისა და საბანკო სისტემის ფორმირების ტენდენციებს, საქართველოს საბანკო სექტორში 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პრობლემებს, გამოვლენის თავისებურებებს, მოქმედების სპეციფიკას, შედეგებს და სხვას (Kovzanadze Irakli.   2008, 257, ი. კოვზანაძე, 2001, 312).  ამასთანავე, სხვა კვლევები ეხება ფულად  -  საკრედიტო სისტემის თავისებურებებს (თ. ლაზარაშვილი, მ. მელაშვილი, 2014,  244-256), ორიარუსიანი საბანკო სისტემის დახასიათებას და შედარებას განვითარებულ ქვეყნებში მოქმედ საბანკო სისტემებთან და სხვა (ე. კაკულია, 2014, 244-256).

კვლევების ეს ასპექტები გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ საბანკო სისტემის სრულყოფაზე და მისი ცალკეული ელემენტების განვითარებაზე. საბანკო სისტემის ზემოქმედება  ეკონომიკურ ზრდაზე შედარებით მკრთალადაა ასახული.

4. მრავალი ნაშრომია დაწერილი საკრედიტო პორტფელის ცვლილებებსა და საკრედიტო რისკებზე. მათში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ფორმირების თავისებურებებზე, იმ ფაქტორებზე რომლებიც გავლენას ახდენენ მსესხებლის კრედიტუნარიანობაზე, ბანკების  საპროცენტო განაკვეთების და საკრედიტო პოლიტიკის ურთიერთობებზე (გიორგი ხანთაძე, 2014),  სასესხო პორტფელის განაწილებაზე, სესხების გარანტიებზე (მაია ალადაშვილი, 2014, 91-98).

ნინო გრიგალაშვილი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკის დონეზე საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებაზე, კომერციული ბანკების საკრედიტო პოტენციალზე, მათი გამოყენების სტაბილურობის მიღწევისა და საკრედიტო სისტემის მდგრადობისა და საიმედობის ხარისხის მიღწევის შესაძლებლობებზე (ნინო გრიგალაშვილი, 2012, 17-22).

მაია ალადაშვილი და ნანა რინკიაშვილი განიხილავენ საკრედიტო რისკების გავლენას საბანკო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. დაკრედიტების პრინციპებიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებენ კრედიტების  მიზნობრიობაზე, დაბრუნებადობაზე, ვადიანობასა და უზრუნველყოფაზე (მაია ალადაშვილი,  2012, 67-69).

ქართველი სწავლულები შედარებით უფრო ღრმად შეისწავლიან საკრედიტო რისკების თავისებურებებს საბანკო სექტორში და მიუთითებენ,  რომ საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სესხზე გონივრული მაქსიმალური ვადები და რეალური სესხის გადახდის გრაფიკი (მაია ალადაშვილი, ნანა რინკიაშვილი, 2014,  86-94).

დასკვნა

ამდენად, ბოლო პერიოდში ქართველ  მეცნიერ-ეკონომისტთა მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ზემოთ აღნიშნული კვლევის ოთხი ასპექტი არის ქართული ეკონომიკური აზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები. სამწუხაროდ, მათ შრომებში საკრედიტო ბაზრის ტრანსფორმაციის შესწავლას და საბანკო მენეჯმენტის ცვლილებების გამოვლენას მხოლოდ თეორიულ-ემპირიული ხასიათი აქვს. გამომდინარე აქედან, აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რამდენად განხორციელდა საკრედიტო ბაზრისა და ინსტიტუტების ცვლილებები  ბოლო წლების განმავლობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. მაია ალადაშვილი, საკრედიტო ოპერაციების და საკრედიტო პორტფელის ანალიზის მნიშვნელობა საბანკო რისკების მართვის პროცესში. ჟ, „სოციალური ეკონომიკა“ №1 2014.

2. მაია ალადაშვილი,   საკრედიტო პორტფელის მართვის მნიშვნელობა საბანკო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების საქმეში. ჟ, „ეკონომიკა“,  2012, 11-12,  67-69 გვ. 

3. ირაკლი გეგეშიძე, გლობალური კრიზისი და ეკონომიკური რეფორმების შედეგებისაბანკო სფეროში. 2012,  6-10.

4. რ. კაკულია, გ. ხელაია  ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი თეორია თბ., 2000.

5. ი. კოვზანაძე, საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე.  თსუ, გამომცემლობა, თბ., 2001.

6. კოვზანაძე ი., კონტრიძე გ., თანამედროვე საბანკო საქმე, თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2014.

7. თ. ლაზარაშვილი, მ. მელაშვილი, ფულად-საკრედიტო სისტემის თავისებურებები და სრულყოფის გზები საქართველოში, 2014,  244-256.

8. ოთარ ნადარაია, ოთარ  გორგოძე, დავით უტიაშვილი, ნინო შარუმაშვილი,  ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია. ჟ. „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, #2, 2013.

9. ოთარ  გორგოძე, დავით უტიაშვილი, ნინო შარუმაშვილი, ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია. ჟ. „ეკონომიკა.

10. ქრისტინე ომაძე, დავით ასლანიშვილი,  „ეკონომიკური კრიზისის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე“ - თსუ,  ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 2013 წლის 28-29 ივნისი, გვ. 502 - 508, თბილისი.

11. ქრისტინე ომაძე,„საკრედიტო ბაზრის არსი და თავისებურებები, „თსუ ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული (გვ. 390-393), 2014, თბილისი.

12. უშანგი სამადაშვილი,  ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ადამიანური კაპიტალი, 2014,13-22.

13. ვლადიმერ პაპავა, მკვეთრი ზრდის ეფექტი და პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდა,  2014.

14. გიორგი ხანთაძე, საკრედიტო პორტფელის მართვის თავისებურებანი. ჟ. „სოციალური ეკონომიკა“,  # 1, 2014.

15.მ. ძაგანია, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ასპექტები, 2012.

16. ნოდარ ხადური, ეკონომიკური ზრდა - რეალობა და პერსპექტივები, 2010.

17. თემურ ხომერიკი, - საკრედიტო ბაზრის განვითარება არამდგრად გარემოში. ჟ. „ბიზნესი და კანონმდებლობა“,  #17, 2010, 8-12გვ. 

18. ERZEN SOGUT,  THE DETERMINAANTS OF FINANSIAL DEVELOPMENT AND PRIVATE SECTOR CREDITS: 2008).

19.Giovanni Dell Aniccia, Deniz Ig, Lus Laeven, and Hui  Tong,  Policies for Macrofinancial Stability: Deling with Credit Booms and Basts.  Interrnatioal Monetary Fund, August  2012.

20.Gurley J. G. Financial Aspects of Economic Development / J. Gurlex, E. S. Shaw // American Economic Review. – 1955. –vol.45. #4. P.515-538; Gurley J. G. Finoncial Intermediaries and the Saving – Investment Process /* J. G. Gurley. E. S. Show // Journal of Finance. – 1956. –vol.11- p. 257-.276.

21. Ho Ngai Wa. Bank Credit and Economic Growth in Macao. Monetary Authority of Macao, 2005.

22. Katja Gattin-Turkalj, Igor Ljubaj, Ana Martinis, Marko Mrkalj.  Estimatinng Credit Demand in Croatia. Draft vesion.. Zagreb, April  2007.

23.Kovzanadze Irakli. – Ekonomik and Banking System Development Trends and Prospects for Countries in Transition  2008: 257

24.Mironchik N. L., Demidenko, M. V. CREDIT TO THE ECONOMY: NEW ANSWERS TO STANDARD QUESTIONS. National Bank of Republic of Belarus, Bank Research Papers # 2, July 2012.

25.Tamas Balas, Comparson of the indicators describing the loan portfolio quality of the banking sector. November 2009

26. Tobin J. Commercial Banks as Creator of “Money”/J. Tobin // Banking and Monetary Studies, for the comptroller of the Currency. U. S. Treasury. 1963-p. 408-419.

27.Rodgers A. Musamali, , Esman M. Nyamongo, Eliud D. Moyi, The Relationship between Financial Development andEconomic Growth in Africa. 2010:  189

28. Suna Korkmaz, Impact of Bank Credits on Economic and  Inflation. 2015: 57-69

29. Orji Antbouny, Bank Savivings and Bank Credits in Nigeria: Deartment and Impact on Economic Growth. International of Economics and Financial Vol. 2, #3, 2012, pp. 357-372.

30.Waieed likhuzaim.  Degree of Financial Development and Economics Growth un Qatar: Cointegration and Causality Analysis. International of Economics and Financial Vol. 6, #6, 2014, pp. 357-372

31. И. Ковзанадзе,  „ Уроки мирового кризиса: необходима новая модель регулирования экономики“ ‘ Вопросы экономики“,  Москва, № 4, 2010.

32.Кураков  В. Л. Некоторые аспекты развития финансово-кредитной системы США.  М. ; Республика, 2010,  с. 85.

33. Кособчук С. И., Кредитные системы стран Латинской Америки. 1983:  41)

34.Лаврушин О. И. Организация и планирование кредита /О. Н. Лыврушин. М., Финансы и статистика. 1991.

35. www.fund.ge

36. www.gefund.ge

37.www.investgroup.ge

38.www.nbg.gov.ge;